გამოვიდა ჟურნალ “გადასახადები და აღრიცხვის” 2017 წლის ნოემბრის თვის (პირველი ნახევრის) 21-ე ნომერი, რომელშიც ქვეყნდება:
1.ჟურნალის მთავარი ექსპერტის ნარიმან ტერაშვილის სტატია „როგორ აღირიცხება და იბეგრება საწარმოს მიერ თანამშრომელთა უფასო კვებაზე გაწეული ხარჯები.”
შრომითი მოტივაციის ამაღლების ერთ-ერთი „დამაინტრიგებელი“ კომპონენტია სრულფასოვანი, იაფი ან უფასო კვების შესაძლებლობა, ამიტომ დამქირავებლები ცდილობენ პოტენციური თანამშრომლები დააინტერესონ არა მხოლოდ ხელფასის დონით, არამედ განსაზღვრული „შეღავათების“, ე.წ. „სოციალური პაკეტის“ შეთავაზებითაც. რიგ შემთხვევაში „სოციალური პაკეტი“ (სამედიცინო დაზღვევა, დამატებითი შვებულება, მობილური კავშირის ანაზღაურება, უფასო სწავლება, კვების ანაზღაურება და სხვა) უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვას და ეფექტიანად ასტიმულირებს მათ შრომით აქტიურობას. სამეურნეო სუბიექტების შრომითი პერსონალის კმაყოფილების მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენა, რომ თანამშრომელთა ოფისში კვების ანაზღაურებას, სამედიცინო დაზღვევისა და უფასო სწავლების შემდეგ, მესამე ადგილი უკავია „სოციალური პაკეტით“ გათვალისწინებულ „შეღავათებს“ შორის.
ნებისმიერ საწარმოს/ორგანიზაციას შეუძლია თავისი თანამშრომლები უზრუნველყოს ფასიანი ან უფასო კვებით. პრაქტიკაში საწარმოების/ორგანიზაციების უმრავლესობა, როგორც წესი, ირჩევს თანამშრომელთა უზრუნველყოფას უფასო კვებით, რაც შრომითი ურთიერთობების ნორმა ხდება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“ (2010 წლის 17 დეკემბერი, N4113-რს), სხვა ქვეყნების შრომის კანონმდებლობისაგან განსხვავებით, საქართველოს საწარმოებს და არარეზიდენტების მუდმივ დაწესებულებებს არ ავალდებულებს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე დასაქმებულთა უფასო კვებას რძით ან სხვა ტოლფასი კვების პროდუქტებით ან სამკურნალო-პროფილაქტიკურ კვებას. შესაბამისად, თანამშრომელთა უფასო კვებით უზრუნველყოფაზე გადაწყვეტილების მიღებისას საწარმოს/ორგანიზაციის ხელმძღვანელთათვის ფრიად აქტუალური ხდება საკითხი იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა აღირიცხოს და დაიბეგროს დაქირავებულებისათვის გაწეული უფასო კვების მომსახურება.
2. ბესიკ კვირკველიას სტატიის “მოგების გადასახადის გაანგარიშება ე.წ. ესტონური მოდელის მიხედვით” გაგრძელება.
როგორც წინა პუბლიკაციებში, ავტორი აქაც განაგრძობს ახალი საგადასახადო მოდელის (ე.წ. “ესტონური მოდელი”) განხილვას კონკრეტულ მაგალითების მიხედვით და ასევე, პრაქტიკულად აჩვენებს მოგების დეკლარაციის შევსების პროცედურას.
3. ჯემალ ბერიძის “ავტოსატრანსპორტო საწარმოს მიერ გაწეული მომსახურების აღრიცხვა.”
ყველა საწარმო თუ ორგანიზაცია სასიცოცხლოდ დაინტერესებულია ფლობდეს ზუსტ ინფორმაციას როგორც რესურსების შეძენის, ისე მათი გამოყენების შესახებ, რათა მეტ-ნაკლებად უტყუარად დაადგინოს სრული სურათი, თუ რამდენად ეფექტურად გამოიყენება ან გაედინება საწარმოში არსებული რესურსები, ამიტომ საწარმოს ხელმძღვანელობამ პირველ რიგში აუცილებლად უნდა იცოდეს, რა მიზნით და რა დანიშნულებითთ გაიწევა ხარჯები.
რესურსების შესაძენად თუ შესაქმნელად საჭირო ხარჯები ფორმირდება სხვადასხვა წყაროდან და მათი დადასტურება ხდება ასევე სხვადასხვა დოკუმენტით, მათ შორის ანგარიშ-ფაქტურით, რომელშიც აღნიშნულია შესყიდული საქონლის (სამუშაოს/მომსახურების) ღირებულება. როგორ აღირიცხება მსგავსი ხარჯები? რა თქმა უნდა, ამ ხარჯების აღრიცხას აწესრიგებს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები, მაგრამ ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია აგრეთვე საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებიც, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლას. თვალსაჩინოებისათვის, როგორც ტიპიური შემთხვევა, განხილულია ავტოსატრანსპორტო საწარმოსათვის თანხის გადახდის აღრიცხვის მაგალითი.
4. ჟურნალი აქვეყნებს ტესტებს საგადასახადო და საბუღალტრო საკითხებზე, რომელთა პასუხებიც მოცემულია ჟურნალის ბოლოს, 50-ე გვერდზე.
ჟურნალში იბეჭდება ოფიციალური მასალები აქტუალურ საგადასახადო და ბუღალტრული საკითხების შესახებ.
როგორც ყოველთვის, “საგადასახადო პრაქტიკუმის” რუბრიკით ქვეყნდება ჩვენი ექსპერტის პასუხები ხელმომწერთა კითხვებზე.
4.“მდიდართა ბიოგრაფიის” რუბრიკაში იბეჭდება “მაიკ ნოვოგრაცი _ გზამკვლევი კრიპტოვალუტისაკენ.”
მან ასეულობით მილიონი დოლარი ბიტკოინებზე მაშინ იშოვნა, როცა ის ჯერ კიდევ არ იყო მეინსტრიმი. დღეს კი, როცა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა ღირებულების რეკორდს ხსნის და მას ყიდულობენ ტაქსისტებიც და დიასახლისებიც, ის განგაშს ტეხს მოსალოდნელი ფინანსური ბუშტუკის შესახებ. თუმცა თავისი მარაგის გაყიდვას რატომღაც არ ჩქარობს. ამის ნაცვლად “ბიტკოინების მეფე” მაიკ ნოვოგრაცი უფრო ადიდებს თავის კაპიტალდაბანდებას მთავარ კონკურენტში _ ეტჰერეუმ.
ნოვოგრაცი წლების მანძილზე უოლ-სტრიტის ტიპიური წარმომადგენელი იყო. ის იყო გოლდმან საცჰს -ის პარტნიორი და მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ფონდის ფორტრესს-ის მმართველი მენეჯერი. 2008 წელს, ანუ გლობალური ფინანსური კრიზისის წინ, ის “ფორბსის” მილიონერთა სიაში მოხვდა, მიუხედავად იმ აქციების კოტირების დაცემისა, რომლებშიც მას ფული ჰქონდა დაბანდებული.
2010 წლების დასაწყისში მან ყურადღება ბიტკოინის პერსპექტივას მიაქცია. კოლეგების უმეტესობამ სასაცილოდ აიგდო ნოვოგრაცი, როცა 2013 წელს მან ივარაუდა “მომავლის ფულის” კურსის ფეთქებადი ზრდა. მაშინ ბიტკოინი სულ რაღაც 100 დოლარი ღირდა და ყველას ეგონა, რომ ეს პიკი იყო. დაცინვა მყისვე შეწყდა, როდესაც წლის ბოლოს კრიპტოვალუტა 1000 დოლარამდე ავიდა _ მართალია, აწევა არცთუ ხანგრძლივი იყო, მაგრამ ანალიტიკოსებზე კი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.